ქ. ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა 2024-2025 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი და სიახლეებზე ორიენტირებული ღონისძიებით შეხვდა, რომელსაც ესწრებოდნენ: პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – გივი მიქანაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გია ბასილაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – მაია ცქიტიშვილი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი – გოჩა ბაკურაძე, მე-12 კლასის კურსდამთავრებულები, მშობლები და პედაგოგები;

შეხვედრა გაიმართა ბატონი გოჩა ბაკურაძის ინიციატივითა და დაფინანსებით მოწყობილ უნიკალური აღჭურვილობის, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში, რომელსაც სკოლის დირექტორის, მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგის, ანიკო (მადონა) ბოჭორიშვილის სახელი მიენიჭა;

ღონისძიების მიმდინარეობისას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ლია თეგეტაშვილმა, ისაუბრა მადონა ბოჭორიშვილის ღვაწლსა და გოჩა ბაკურაძის დამსახურებაზე;

სტუმრებმა უყურეს მოსწავლეების მიერ მომზადებულ ვიდეო-რგოლს, რომლითაც ბავშვები მადლიერებას ამჟღავნებდნენ ლიტერატურული ოთახის მოწყობის შესახებ;

სასიხარულო ფაქტია, რომ ყოველწლიური პრემია ,,სსიპ ქუთაისის #30 საჯარო სკოლის წლის საუკეთესო მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში’’, რომელიც ღვაწლმოსილი პედაგოგის ანიკო (მადონა) ბოჭორიშვილის სახელს ატარებს და ასევე ბატონი გოჩა ბაკურაძის ინიციატივით დაარსდა, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგეს, ბელა გიორხელიძეს გადაეცა;

შეხვედრისას სკოლის დირექტორმა, ბატონმა მიხეილმა, ისაუბრა, თუ რა გზა განვლო 30-ე სკოლამ წარსულიდან დღევანდელობამდე და გამოკვეთა ის გრძელვადიანი მიზნები, რომლებიც სკოლას უფრო მეტ წინსვლა-განვითარებას ჰპირდება;

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მიმდინარე სასწავლო წელს სკოლადამთავრებული მოსწავლეები. საყურადღებო ფაქტია, რომ ჯამში 68 მოსწავლიდან 65-მა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მათგან 18-მა მოსწავლემ კი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში გრანტი მოიპოვა, რაც სკოლის მაღალ აკადემიურ ხარისხს ნამდვილად ცხადყოფს;

აღსანიშნავია ის საკითხიც, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მასწავლებლების როლზე საქართველოს განათლების სისტემისთვის.

ამგვარად, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა 2024-2025 სასწავლო წელს შემართებით, ახალი იდეებით დახუნძლული და მოსწავლეთა ცნობიერების, აზროვნების, ინტელექტის განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების განხორციელების სურვილით შთაგონებული შეხვდა.