ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლა გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და წარმატებული საქმიანობით. დაარსების დღიდანვე სკოლაში მაღალ დონეზე მიმდინარეობდა ყველა საგნის სწავლება. ამის დასტურია უამრავი ქების სიგელი, ჯილდო და დიპლომი, რომელიც სკოლაში დღესაც ინახება. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე შესაბამისად მაღალი იყო. იზრდებოდა მოსწავლეთა რაოდენობაც. იყო ისეთი წლები, როცა სკოლა სამ ცვლაში მუშაობდა, ერთი ცვლა იყო ჩართული.
სკოლაში აქტიურად ხორციელდებოდა სასკოლო და სკოლის გარეთა აქტივობები. მაგ: ფუნქციონირებდა ნორჩ ტექნიკოსთა სადგური, სადაც ხდებოდა მოსწავლეთა თვითნაკეთი ხელსაწყოების დამზადება-გამოფენა და მოსწავლეები ყოველთვის იმსახურებდნენ ჯილდოებს. ეწყობოდა ვიქტორინები, კონკურსები, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.5 შეხვედრები ქალაქის გამორჩეულ ადამიანებთან, ე.წ. ,,შრომის გმირებთან“, მსახიობებთან, პოეტებთან, მწერლებთან, საზოგადო მოღვაწეებთან. ამის გამო 30-ე სკოლას ,,ღონისძიებების სკოლაც“ კი შეარქვეს. 1972 წელს სკოლის 10 წლის თავთან დაკავშირებით ჩატარდა გრანდიოზული ღონისძიება, რომელსაც უამრავი სტუმარი ესწრებოდა. ხშირად ეწყობოდა ექსკურსიები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და ქვეყნის გარეთაც.
30-ე სკოლას წლების განმავლობაში მეგობრული კავშირები ჰქონდა ქალაქ ლვოვის ქანთარიას სახელობის სკოლასთან. მოსწავლეები აგროვებდნენ მასალას ქალაქ ლვოვთან დაღუპული გმირის ივანე ქანთარიას შესახებ და ასე ჩაეყარა საფუძველი, 1975 წელს, ქანთარიას ქუჩაზე მდებარე ქანთარიასვე სახელობის სკოლასა და ქუთაისის 30-ე სკოლას შორის ურთიერთობას, რასაც მოყვა სკოლებს შორის დელეგაციათა გაცვლა-გამოცვლა, ერთობლივი ღონისძიებები.
30-ე სკოლას ურთიერთობა ჰქონდა ლენინგრადის, ხარკოვის სკოლებთანაც. მოსწავლეები აწარმოებდნენ მიწერ-მოწერას, ერთმანეთს უზიარებდნენ სიახლეებს.9
თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ ერთი უცხო ენა, ფრანგული, ისწავლებოდა. მოსახლეობაში ინგლისურის სწავლის მსურველთა რიცხვმა იმატა. ქალბატონმა ლამარა ლევიძემ ინგლისური ენის სწავლება შემოიტანა. მისივე ინიციატივით ორივე უცხო ენა გაძლიერებული პროგრამით შეისწავლებოდა.
1976 წელს ქალბატონ ლამარას ინიციატივით შეიქმნა ცეკვის ანსამბლი. მისი ხელმძღვანელი წლების განმავლობაში გახლდათ მურთაზ ზივზივაძე.
სკოლას ასევე ყავდა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,ანარეკლი“ (ხელმძღვანელი ამირან თევდორაძე). ანსამბლი იყო მოსწავლეთა მხატვრული თვითმოქმედების VIII რესპუბლიკური ოლიმპიადის ლაურეატი და ოქროს მედალოსანი.11
ყოველწლიურად ქართველი მოსწავლეების ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლი სტუმრობდა მოსკოვის პიონერთა სასახლეს და 2 იანვარს სახალწლო კონცერტს მართავდა მათთან.
1970 წლებში, მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის, სკოლებს შორის გამართულ სოც. შეჯიბრში გამარჯვებისათვის, განათლების მინისტრმა ოთარ ქინქლაძემ სკოლას გადასცა გარდამავალი დროშა. სამი წლის განმავლობაში ეს დროშა ზედიზედ ჩვენს სკოლას მისცეს და საბოლოოდ მისი კუთვნილება გახდა.13
30-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ნუნუ ბოჭორიშვილი იხსენებს: „სკოლისთვის წარმატებები უჩვეულო არც ახლაა და არც ძველად გახლდათ.
სკოლის ისტორიიდან ჩემს მეხსიერებას შემორჩა ის ამაღელვებელი დღე, როცა განათლების მინისტრმა ოთარ ქინქლაძემ, ჩემი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლამარას, გადასცა გარდამავალი დროშა. ეს უკვე მიღწეული წარმატებების აღიარებას ნიშნავდა რესპუბლიკის მასშტაბით. რათქმა უნდა სიხარული და ემოციები დიდი იყო.“
ქუთაისის 30-ე სკოლას სისტემატიური კავშირი ჰქონდა პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიიის კათედრასთან. კათედრას სკოლაში გახსნილი ჰქონდა ,,მცირე აკადემია“, რომელშიც გაერთიანებული იყო მე-9, მე-10, მე-11 კლასის ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები. კათედრის წევრები მოსწავლეებს უტარებდნენ ლექცია – სემინარებს.14
1990 წელს 30-ე საშუალო სკოლაში ჩატარდა აკ. წერეთლის დაბადების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, დევიზით ,,არ მწამებია, არცა მწამს, შენს გარდა კიდევ სხვა წმინდა“. კომპოზიცია მოამზადეს მასწავლებლებმა მაია მაღლაფერიძემ და მანანა ლომთაძემ.15
1997 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დარეჯან ნაჭყებიამ ჩამოაყალიბა ლიტერატურის მოყვარულთა და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა კლუბი, სახელწოდებით “ცისიერი”. მათ შექმნეს ამავე სახელწოდების გაზეთი, რომელშიც სისტემატიურად ქვეყნდებოდა ბავშვთა თვითშემოქმედება. ამ კლუბის წევრები რესპუბლიკურ კონფერენციებზე I ხარისხის დიპლომით მრავალჯერ დაჯილდოვდნენ.
კლუბი მართავდა შეხვედრებს ქალაქის კოლორიტულ ინტელიგენციის წარმომადგენლებთან. მისი სტუმრები იყვნენ ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ამირან ნიკოლეიშვილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი პეტრე ჯაფარიძე, პოეტი ზურაბ კუხიანიძე, მსახიობი ნათელა საღარაძე.
სკოლას მუდამ გამორჩეულს ხდიდა სახვითი ხელოვნების წრე. ამ დარგის სწავლებას სათავეში ჩაუდგა იმ დროის სრულიად ახალგაზრდა მოქანდაკე ზაურ წითაშვილი. მან ბავშვები ფერთა ჯადოქრობას აზიარა. ამ სკოლამ არაერთი ცნობილი მხატვარი, კერამიკოსი და მოქანდაკე აღზარდა. მოსწავლეები ხშირად იმარჯვებდნენ რესპუბლიკურ ოლიმპიადებში. პედაგოგიც რამდენიმე ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახლდათ. მაგალითად, VIII რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე სკოლამ 19 მედალი მიიღო. 7 ოქრო, 8 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
გასული საუკუნის 90-იანი წლები, როგორც მთელს საქართველოში ასევე ჩვენი სკოლის ისტორიაში სირთულეებით აღსავსე წლებია. პოლიტიკურმა დიდმა ცვლილებებმა განათლების სისტემაშიც უამრავი სიახლე მოიტანა თან. ამ სიახლეებს მოძიება და დანერგვა სჭირდებოდა, რაც საკმაოდ რთული იყო.
დირექტორმა (ლამარა ლევიძე) სკოლა ჩართო “ნაბიჯ-ნაბიჯ” პროგრამაში, რომლის კოორდინატორი გახლდათ დირექტორის მოადგილე მზია სოფაძე. ამ პროგრამის საშუალებით დაინერგა სწავლების სრულიად ახალი მეთოდები და მიდგომები. მასწავლებლებმა პროგრამის ფარგლებში გაიარეს ტრენინგები თბილისში.
დაწყებითი კლასები აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და სწავლისათვის საჭირო ყველა მასალით. ამან ერთი ორად გაზარდა სკოლის კონტიგენტი, ამაღლდა სწავლების დონე, რასაც მოწმობს რესპუბლიკურ კონფერენციებსა და ოლიმპიადებზე მიღებული დიპლომები და სიგელები.16
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა დღესაც აქტიურად აგრძელებს ტრადიციას და კვლავაც წარმატებული სკოლების გვერდით დგას.